"უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება"
04/05/2022 11:15:17 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატო-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
ამასთან, იგი ირწმუნება, რომ ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის იარაღით ან მასალით ჩავა უკრაინის ტერიტორიაზე, განიხილება, როგორც განადგურების ლეგიტიმური სამიზნე. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ცხოვრება ეწყობა, მათ შორის, აზოვის ზღვაზე უმსხვილეს სამრეწველო და სატრანსპორტო კვანძზე, მარიუპოლზე, რომელიც რუსული არმიის კონტროლქვეშაა“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და ამ ეტაპზე „ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო მილიციასთან ერთად აფართოებენ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 21 აპრილსაც მოახსენა, რომ მარიუპოლი გაათავისუფლეს და ქალაქი რუსული არმიის კონტროლქვეშაა. თუმცა ეს უარყო უკრაინის ხელისუფლებამ.
რუსეთის არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია.


