Accentnews.ge
მოსკოვმა იაპონიის პრემიერსა და ქვეყნის 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აუკრძალა

მოსკოვმა იაპონიის პრემიერსა და ქვეყნის 62 მოქალაქეს რუსეთში შესვლა აუკრძალა

04/05/2022 11:13:32 მსოფლიო

რუსეთმა იაპონიის პრემიერმინისტრ ფუმიო კაშიდასა და ქვეყნის კიდევ 62 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაპონიის პრემირ-მინისტრის ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო.

„ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ უპრეცედენტო ანტირუსული კამპანია წამოიწყო, რუსეთის მიმართ დაუშვა მიუღებელი რიტორიკა, ცილისწამება და პირდაპირი მუქარა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.

საგარეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტოკიო იღებს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირების დემონტაჟისკენ, ასევე რუსეთის ეკონომიკისთვისა და საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ზიანის მიყენებისკენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დაამტკიცა. იაპონიამ შეაჩერა ვიზების გაცემა და აქტივები გაუყინა მათ, ვინც აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S