უკრაინის დაზვერვის სამსახური: "9 მაისს რუსეთი განადგურებულ მარიუპოლში აღლუმის გამართვას გეგმავს"
04/05/2022 09:58:27 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობა 9 მაისს მარიუპოლში აღლუმის გამართვისთვის ემზადება. უწყების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვალდიმირ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო მარიუპოლში უკვე ჩავიდა.
„პუტინის ჩინოვნიკის მთავარი ამოცანა 9 მაისს „სადღესასწაულო ღონისძიების“ მომზადებაა. მარიუპოლი, „რაშისტების“ გეგმის მიხედვით, უნდა გახდეს „დღესასწაულის“ ცენტრი. ამ მიზნით, ქალაქში სასწრაფოდ ასუფთავებენ ცენტრალურ ქუჩებს ნანგრევებისგან, დაღუპული სამხედროების ცხედრებისგან და აუფეთქებელი რუსული საბრძოლო მასალისგან“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.
მისი ინფორმაციით, ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები „რაშისტები“, უარს ამბობენ „დღესასწაულზე“, მათ შორის, „სამხედრო აღლუმის“ იმიტაციაზე.
CNN იუწყება, რომ პუტინმა უკრაინას ომი ოფიციალურად შესაძლოა, 9 მაისს გამოუცხადოს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


