
ევროკავშირი მოლდოვას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს
04/05/2022 09:54:26 ევროპა
ევროპის კავშირი გეგმავს, მოლდოვას დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს, - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა კიშინიოვში ვიზიტისას.
"ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობისა და უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგების დაძლევაში. გასულ წელს გამოვაცხადეთ 7 მლნ ევროს ოდენობის დახმარების თაობაზე, რომელიც ევროკავშირის მშვიდობის ხელშეწყობის მექანიზმის ფარგლებში გამოიყო და ჯარის სამედიცინო და შიდა საჭიროებებისთვის იყო გამიზნული. წელს ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოლდოვას მხარდაჭერა მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით", – აღნიშნა მიშელმა, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც რუსული არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ომის მეორე ფაზის მიზანს "დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება წარმოადგენს" ოკუპირებული ყირიმისა და არაღიარებული დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის უზრუნველსაყოფად, დნესტრისპირეთის რეგიონში ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ნატო-ში მოელიან შემდგომ რუსულ პროვოკაციებს და თვლიან, რომ მათი მიზანი პრობლემების შექმნაა ისევ და ისევ უკრაინისათვის, რათა მის ჯარს ყურადღების დამატებით მიმართულებაზე გადართვა მოუწიოს, ხოლო თავად მოლდოვასთვის რეალური საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას.