
„ბორჯომის“ დასაქმებულები პრემიერთან და ვანო მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვენ
04/05/2022 08:59:18 საზოგადოება
„ბორჯომის“ დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორ ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
შესაბამისი განცხადება დასაქმებულების სახელით დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე გააცნობს საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაციას „ბორჯომის“ შესახებ".
ივანე მაჭავარიანი „ბორჯომის“ დირექტორი 2021 წლის ივნისში გახდა, – მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი (ამ პოსტზე იგი 2018 წლიდან იკავებდა).
2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას. „ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“.