AFP – ევროკომისიამ პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა
04/05/2022 08:04:17 მსოფლიო
ევროკომისიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, –იუწყება AFP.
მისი ცნობით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ რიგით მე–6 სანქციების პაკეტში სულ 58 პირი, მათ შორის კრემლის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი იქნებიან.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დასავლეთმა, აშშ–მა, კანადამ და მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებმა დაუწესეს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


