
ლატვიაში 10 ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩავიდა
03/05/2022 20:22:39 ევროპა
ლატვიას აშშ-ის ხელმძღვანელობით ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში რამდენიმე ამერიკული ვერტმფრენი გადაეცა,– იუწყება Delfi.
კერძოდ, ლატვიას მიეწოდა ხუთი UH-60 Black Hawk ვერტმფრენი, სამი HH 60 Black Hawk და ორი CH 47 Chinook.
როგორც იუწყებიან, ოპერაცია Atlantic Resolve-ის როტაციის ფარგლებში, აშშ-ის საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო საავიაციო ბრიგადის წევრები ვერტმფრენებით შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ლიელვარდის საჰაერო ბაზაზე, მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში ლატვიის არმიის დანაყოფებთან ერთად.
შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Atlantic Resolve 2014 წელს დაიწყო – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. მისი მიზანია, მოახდინოს აშშ–ის მუდმივი წვლილი ნატოს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებაში, წვლილი შეიტანოს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში მშვიდობასა და სტაბილურობაში.
მანამდე ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების მეთაურმა ლეონიდ კალნინსმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ახლა არც ერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს, როდესაც უკრაინა მიიღებს მძიმე იარაღს.