"პატრიარქ კირილს 20 წუთის განმავლობაში რუქით ხელში მოჰყავდა არგუმენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გასამართლებლად"
03/05/2022 18:53:54 მსოფლიო
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რომის პაპთან ამასწინანდელი ვიდეოსაუბრისას "20 წუთის განმავლობაში რუქით ხელში ცდილობდა არგუმენტების მოყვანას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გასამართლებლად". ამის შესახებ ფრანცისკმა იტალიურ გამოცემა "Coriera della Sera"-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რომის პაპმა ისაუბრა მისი ჯერ-ჯერობით წარუმატებელი მცდელობების შესახებ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. კერძოდ, მან ახსენა რუსული აგრესიის პირველივე დღეს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვიზიტი რუსეთის ელჩთან, რათა ამ უკანასკნელს პუტინისთვის ცეცხლის შეწყვეტის თხოვნა გადაეცა, კიდევ მოგვიანებით - გზავნილი პუტინისთვის მზადყოფნით, მოსკოვში ჩასულიყო.
ამასთან, პაპი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საქმეში პატრიარქ კირილის პოზიციისა და იმის შანსების მიმართ, რომ რუსული ეკლესიის ლიდერი მას პუტინის გადარწმუნებაში დაეხმაროს. სწორედ ამ კონტექსტში გაიხსენა ფრანცისკმა რუქის ეპიზოდი. "მისი არგუმენტების პასუხად განვუცხადე რუსეთის პატრიარქს: "ძმაო ჩემო, ჩვენ სხელმწიფო ჩინოსნები არ ვართ, ვერ ვისაუბრებთ პოლიტიკის ენით, ჩვენ მხოლოდ ქრისტეს ენით უნდა ვსაუბრობდეთ და შესაბამისად, მშვიდობისკენ ვეძებდეთ გზებს" - განაცხადა რომის პაპმა.
ფრანცისკმა პუტინთან ყველაზე მეტად დაახლოებული ევროპელი ჩინოსნის - უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მონათხრობიც ახსენა იმის შესახებ, რომ რუსეთი ომის 9 მაისისთვის დასრულებას ვარაუდობდა. "მე ამის მიმართ პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ომის შესაწყვეტად" - დასძინა ფრანცისკმა.


