
მაკრონსა და პუტინს შორის მარტის შემდეგ პირველად შედგა სატელეფონო საუბარი
03/05/2022 16:19:33 ევროპა, პოლიტიკა
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 3 მაისს სატელეფონო საუბარი გამართეს. ელისეს სასახლის ცნობით, საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როგორც ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია უკრაინული პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული რუსული ბლოკადის მოხსნა, რასაც გავლენა აქვს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე:
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შედეგების უკიდურეს სიმძიმეს. მან გამოხატა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასში არსებული ვითარების გამო და მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ბოლო დღეებში დაწყებული „აზოვსტალის“ ქარხნის ევაკუაცია ჰუმანიტარულ აქტორებთან კოორდინირებით და ევაკუირებულებისთვის დანიშნულების ადგილის არჩევის უფლებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს შავი ზღვის გავლით უკრაინული სურსათის ექსპორტის რუსეთის ბლოკადის მოხსნაში მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე მისი შედეგების გათვალისწინებით. რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ამ დამანგრეველი აგრესიის დასრულების გზით. მან ხაზი გაუსვა მის ხელმისაწვდომობას, იმუშაოს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პირობებზე, რათა დამყარდეს მშვიდობა და იყოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. საბოლოო ჯამში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაახლა მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პუტინმა მაკრონს მიულოცა ხელახლა არჩევა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე.
საუბარი ეძღვნებოდა ომს უკრაინაში. როგორც კრემლის ცნობაშია ნათქვამი, პუტინმა მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ და დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან „დიალოგისთვის“, მაგრამ მან კიევი „სერიოზული მუშაობისთვის მოუმზადებლობაში“ დაადანაშაულა.
რუსეთის ჯარებმა განაახლეს იერიში მარიუპოლში, მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. დასავლური მედიასაშუალებები დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ 9 მაისისთვის პუტინმა შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიფიკაციის შესახებ გამოაცხადოს, მათ შორის, შეიძლება, გამოცხადდეს საყოველთაო მობილიზაცია.
მაკრონი ერთ-ერთია დასავლეთის რამდენიმე ლიდერს შორის, რომლებსაც კავშირი აქვთ პუტინთან 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. მაგრამ მარტის ბოლოდან მათ ტელეფონით არ უსაუბრიათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი საუბრები მას უჭირს, ვინაიდან ძნელია პუტინის ნდობა. გარდა ამისა, ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქების მოვლენებმა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვის ფაქტები დაფიქსირდა, დიალოგი კიდევ უფრო მეტად დააყენა ეჭვქვეშ.