"შვილთაშვილები მოუყვებიან თავის შვილებს, როგორ უჩვენა უკრაინამ მთელს მსოფლიოს, რომ ბრუტალური აგრესიული ძალა ვერას აკლებს ხალხს, რომელმაც თავისუფლება აირჩია"
03/05/2022 13:14:25 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს უკრაინის უმაღლესი რადის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ამასთან, მან ქვეყნის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
"უახლოეს კვირებში გამოგიგზავნით Brimstone-ს - გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, ასევე ჯავშანმანქანებს ოკუპირებული და საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაციისათვის. საუბარია 300 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობის ახალ პაკეტზე. მასში ასევე შევა რადარები იმის დასადგენად, თუ სადაა განლაგებული არტილერია, როლის სამიზნეს თქვენი ქალაქები წარმოადგენს, ასევე დრონები თქვენი შემტევი ძალების გასაძლიერებლად. გვსურს, უკრაინა გავაძლიეროთ იმდენად, რომ აღარავის აღარასოდეს გაუჩნდეს თქვენზე თავდასხმის სურვილი. დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს და მისი საგმირო გამარჯვების ისტორია მომავალში თაობიდან თაობას გადაეცემა" - განაცხადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, "შვილთაშვილები მოუყვებიან თავის შვილებს, როგორ უჩვენა უკრაინამ მთელს მსოფლიოს, რომ ბრუტალური აგრესიული ძალა ვერას აკლებს ხალხს, რომელმაც თავისუფლება აირჩია".
"ისინი მოყვებიან, როგორ დაამტკიცეს უკრაინელებმა თავისი შეუპოვრობით, ჟინით, მსხვერპლით, რომ ტანკები და ზარბაზნები ვერ გასრესს ერს, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის! ამდენად, დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს", - აღნიშნა ჯონსონმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ წარსულში დასავლეთი მეტისმეტად ნელა რეაგირებდა რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, რომ ამ შეცდომის განმეორება დაუშვებელია.


