დონეცკის გუბერნატორი: "რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა"
03/05/2022 12:30:39 მსოფლიო
დონეცკის ოლქში რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული დაბომბვის შედეგად მინიმუმ 9 მშვიდობიანი მოქალაქ დაიღუპა,- ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ქალაქ ავდიივკას დაბომბვის დროს, სამი მოქალაქე ემსხვერპლა დაბომბვას ქალაქ ვუჰლედარში და კიდევ სამი - ქალაქ ლიმანში. დონეცკის გუბერნატორის განცხადებით, არ წყდება ცეცხლი ოლქის სხვა ტერიტორიებზეც.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


