"საქართველოს რკინიგზა": "სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა"
03/05/2022 11:32:40 პოლიტიკა, ეკონომიკა
"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა.
"საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია "მთავარზე" გასულ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას ეხმაურება. კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში. აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა", – აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".
მანამდე, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინორმაცია, რომლის თანახმად, "აღმოჩენილია, სანქცირებული ნავთობის ცისტერნები, რომელსაც "გაზპრომის" წარწერა აქვს, კოლონა, საქართველოს რკინიგზაზე, თბილისის გავლით მოძრაობს".
"ცისტერნები სავარაუდოდ, ბათუმის პორტში მიაქვთ. ეს ამყარებს ეჭვს, რომ რუსეთის სანქცირებული პროდუქტის ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით ცდილობს", – იუწყებოდა ტელეარხი.


