Accentnews.ge
რუსეთსა და ისრაელს შორის ვითარება იძაბება: მოსკოვმა იერუსალიმი "ნეონაციზმის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა

რუსეთსა და ისრაელს შორის ვითარება იძაბება: მოსკოვმა იერუსალიმი "ნეონაციზმის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა

03/05/2022 11:32:27 მსოფლიო

მოსკოვმა იერუსალიმის მიერ მოთხოვნილი ბოდიშის ნაცვლად ისრაელს აბსურდული ბრალდება წაუყენა: რუსეთის საგარეო უწყებამ ისრაელის ხელისუფლება "ნეონაციზმის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადება იმის შესახებ, რომ ებრაელები ჰოლოკოსტის დროს საკუთარ თავს არ ხოცავდნენ, «ანტიისტორიულად" შეაფასა.

რუსეთის საგარეო უწყების პროპაგანდისტულ განცხადებაში, რომელიც ტვიტერშია გამოქვეყნებული, მოყვანილია მეორე სოფლიო ომის დროს ნაცისტებთან ებრაელების თანამშრომლობის ორი მაგალითი და ამის საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება, ნეონაცისტური ქვეყნის ლიდერი იყოს.

გარდა ამისა, მოსკოვი ასეთივე აბსურდულ საფუძველზე დაყრდნობით ფაქტობრივად, ოფიციალურად ადანაშაულებს ნეონაციზმში ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, რომელსაც ზელენსკის მსგავსად, ებრაული ფესვები გააჩნია.

ცნობისთვის: რუსეთი აქტიურად იყენებს ვითომდა "ნეონაციზმთან ბრძოლის" სადეზინფორმაციო პროპაგანდისტულ ნარატივს უკრაინის მიმართ აგრესიის გასამართლებლად.

ამ თემის გამოყენება სცადა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ იტალიურ ტელეარხ Rete4-ის პროგრამაშიც, რომლის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს "სავარაუდოდ, ებრაული სისხლიც ერია", რომ "ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები, როგორც წესი, სწორედ ებრაელები არიან" და ამ კონტექსტში ზელენსკისა და ჰიტლერს შორის გაავლო პარალელი.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მკაცრად გააკრიტიკა ლავროვიცა და იტალიური პროგრამაც, რომელმაც მას ინტერვიუ ჩამოართვა. DW-ს ცნობით, დრაგიმ აღნიშნა, რომ "ეს პროგრამა დაანონსებული იყო, როგორც ინტერვიუ რუსეთის მთავარ დიპლომატთან, მაგრამ რეალურად, პოლიტაგიტაციის სეანსად იქცა". "რუსეთისგან განსხვავებით, იტალიაში არის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება - რაოდენ ცრუ ან მცდარიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ გვმართებს კარგი დაფიქრება იმაზე, რამდენად მისაღებია ინტერვიუსთვის ვინმეს მოწვევა და რესპონდენტის მსგავსი გამონათქვამების რეაგირების გარეშე დატოვება! ეს არ იყო ჟურნალისტური მიღწევა. ეს ძალზე უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა. ხოლო რაც ლავროვმა თქვა, უბრალოდ ამაზრზენია! ", - აღნიშნა პრემიერმა.

ლავროვის განცხადებებსა და ტელეპროგრამის მესვეურთა ქცევას სხვა რიგი იტალიელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ექს-პრემიერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ენრიკო ლეტამ ამ პროგრამას "ჩავარდნა" უწოდა.

მანამდე ისრაელმა გამოთქვა აღშფოთება რუსეთის მთავარი დიპლომატის სიტყვებთან დაკავშირებით და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები "შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკისთვისაც, ისრაელისთვისაც და მთელი ებრაელი ხალხისთვისაც".

ხოლო გერმანიის მთავრობაში ლავროვის განცხადებებს "აბსურდული პროპაგანდა" უწოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S