
იტალიის პრემიერი - ლავროვის განცხადებაზე: "ეს უბრალოდ ამაზრზენია"
03/05/2022 10:38:19 ევროპა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მკაცრად გააკრიტიკა იტალიურ ტელეარხ Rete4-ის პროგრამა, რომლის მსვლელობისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ებრაელებს "ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები" უწოდა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანელ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს შეადარა.
DW-ს ცნობით, დრაგიმ აღნიშნა, რომ "ეს პროგრამა დაანონსებული იყო, როგორც ინტერვიუ რუსეთის მთავარ დიპლომატთან, მაგრამ რეალურად, პოლიტაგიტაციის სეანსად იქცა".
"რუსეთისგან განსხვავებით, იტალიაში არის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება - რაოდენ ცრუ ან მცდარიც არ უნდა იყოს იგი, მაგრამ გვმართებს კარგი დაფიქრება იმაზე, რამდენად მისაღებია ინტერვიუსთვის ვინმეს მოწვევა და რესპონდენტის მსგავსი გამონათქვამების რეაგირების გარეშე დატოვება! ეს არ იყო ჟურნალისტური მიღწევა. ეს ძალზე უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა. რაც ლავროვმა თქვა, უბრალოდ ამაზრზენია! ", - აღნიშნა პრემიერმა.
ლავროვის განცხადებებსა და ტელეპროგრამის მესვეურთა ქცევას სხვა რიგი იტალიელი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ექს-პრემიერმა, სოციალ-დემოკრატების ლიდერმა ენრიკო ლეტამ ამ პროგრამას "ჩავარდნა" უწოდა.
თუმცა Rete4-ის მფლობელ მედიაკონცერნ Mediaset-ში მიიჩნევენ, რომ პროგრამაში ლავროვის მიწვევა მცდარი ნაბიჯი არ ყოფილა, რადგან "მისი ინტერვიუ თანამედროვე ისტორიის დოკუმენტია".
ცნობისთვის: ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერს "ებრაული სისხლი" ჰქონდა, რომ "ყველაზე თავზეხელაღებული ანტისემიტები, როგორც წესი, სწორედ ებრაელები არიან" და ამ კონტექსტში ზელენსკისა და ჰიტლერს შორის გაავლო პარალელი.
ისრაელმა უკვე გამოთქვა აღშფოთება რუსეთის მთავარი დიპლომატის სიტყვებთან დაკავშირებით და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღანელმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები "შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკისთვისაც, ისრაელისთვისაც და მთელი ებრაელი ხალხისთვისაც". გერმანიის მთავრობაში კი ლავროვის განცხადებებს "აბსურდული პროპაგანდა" უწოდეს.