
ნატო-მ რუმინეთში ახალი საბრძოლო ჯგუფი ჩამოაყალიბა და ამერიკული გამანადგურებლები გადაისროლა
03/05/2022 10:35:43 ევროპა
ნატო-მ რუმინეთში ახალი საბრძოლო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ამჟამად ქვეყანაში იტალიის ბაზიდან ამერიკული გამანადგურებლების გადასროლა მიმდინარეობს, - იუწყება Twitter-ში "ნეაპოლის" გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობა.
"ამ რუმინული ჯავშანმანქანებისთვის ბორცვი არაფერია. ნატო-ს რეაგირების ძალები გაააქტიურეს და ალიანსმა რუმინეთში ახალი საბრძოლო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ნატო-ს ჯარები რეგულარულად მართავენ ერთობლივ წვრთნებს, რათა ალიანსის უსაფრთხოების დასაცავად ნებისიერი საფრთხისთვის მოემზადონ", — ნათქვამია სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით მანვე გაავრცელა ცნობა რუმინეთში ამერიკული გამანადგურებლების გადასროლის შესახებ. "ეს ნაბიჯი ალიანსს მისი აღმოსავლეთ საზღვრების მუდმივი სადღეღამისო პატრულირების შესაძლებლობას მისცემს" - განმარტავენ სარდლობაში.
ცნობისთვის: 1 მაისს პოლონეთში დაიწყო წვრთნები "Defender Europe 2022" და "Swift Response 2022" ნატო-ს ათასობით სამხედროს მონაწილეობით. სწავლებები ერთდროულად კიდევ 8 ქვეყანაში იმართება. მათში ჯამში 18 000-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული 20 სახელმწიფოდან.