
TI - სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს
03/05/2022 10:24:57 საზოგადოება
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI )აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტი - 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 31 ქვემო ქართლში, 30 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ყველაზე ცოტა, 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.
ანგარიშის თანახმად:
- ხელფასები - 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80%-ია.
- დანამატის, ჯილდოსა და პრემია - ჯამში 211,210 ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატის (65,290 ლარი) ოდენობაზე;
- ავტომობილები - ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 98 ავტომობილი, (მათ შორის 13 გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273,432 ლარი დაიხარჯა;
- საწვავი - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 602,937 ლარი დახარჯეს 230,692 ლიტრი საწვავის შესასყიდად. წინა წლების მსგავსად, ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45,066 ლიტრი, ჯამური ღირებულებით 113,883 ლარი; თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა;
- სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2021 წელს 48,437 ლარი შეადგინა, მივლინებებზე კი 4,951 ლარი დაიხარჯა;
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29,948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილი - 18,889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს.
"სახელმწიფო რწმუნებულების" გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას.