"ბათუმში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი შემოვიდა, თუმცა მისთვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას"
03/05/2022 10:04:07 პოლიტიკა, ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ბათუმში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი შემოვიდა და იქვე დასძენს, რომ მისთვის "გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას".
"ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში მომსახურებას უწევენ რუსულ სანქცირებულ გემებს და ეხმარებიან მათ სანქციებისგან თავის დაღწევაში. 2 მაისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, სახელწოდებით: SVL Pride. ტრანზიტული ტვირთი - 5000 ტონა დიზელი განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გადმოტვირთვის ოპერაცია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ნორმების დაცვით. ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ. შესაბამისად, ტანკერისათვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, ან სანქციებისთვის გვერდის ავლის ხელშეწყობას", – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.


