
ექიმების ნაწილი აშშ–ის ელჩს სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვს
03/05/2022 09:28:59 საზოგადოება
სხვადასხვა პროფილის ექიმების ნაწილი აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დახმარებას სთხოვს.
"მივმართავთ ქალბატონ დეგნანს, იყოს უფრო აქტიური, რათა გადარჩეს ადამიანი, პაციენტი, რომელმაც პირველად აიმაღლა ხმა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ. ეს მსოფლიო ჯალათი სჯის ჩვენს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელმაც გაიზიარა თანამედროვე სამყაროს წესები. ზუსტად ამ დემოკრატიული ღირებულების გაზიარების გამო, ის ისჯება პუტინის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების მიხედვით, რომელსაც ასრულებს ეს ხელისუფლება",- ამბობენ ექიმები.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, 22 აპრილს მოინახულეს. დასკვნაში, რომელიც სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად ანორექსია და ცილოვანი შიმშილი განუვითარდა და ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას მიმართა, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისი თქმით, თუ ქვეყნის ექს–პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.