
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს
03/05/2022 07:07:19 საზოგადოება
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს.
ბავშვი სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია.
8 წლის დათი ქოქრაშვილი მკურნალობას ამ დროისთვის ისრაელში, კლინიკა SHEBA HOSPITAL-ში აგრძელებს. მას ისრაელში ყოფნისას გუშინ, მე-6 ოპერაცია ჩაუტარდა.
„დათი ჯერ ისევ სტაბილურად კრიტიკულ მდგომარეობაშია. 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან მე-5 დღეა რაც გამოიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული გადასალახია. ვცდილობთ, წამლებზე დამოკიდებულებასაც გავუმკლავდეთ, მაგრამ ძალიან მძიმედ გადაგვაქვს,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დათი ქოქრაშვილის დედამ ქრისტინე მამუკაშვილმა.
8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.