"14 წლის ბიჭი მოკლეს, 17 წლის გოგო დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?!"
03/05/2022 06:47:14 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე რუსული ზალების მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ომს უკვე 220 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
"რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაანგრიეს საერთაშორისო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში, 100 მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია, რუსული დაბომბვის გამო დაიწვა, ის ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს და ორ მსოფლიო ომს გაუძლო. მაგრამ როგორც ვხედავ ეს გიმნაზია თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა. 24 თებერვლიდან რუსეთის არიამ 220 უკრაინელი ბავშვი მოკლა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველას შესახებ, რადგან არ გვაქვს წვდომა ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე", – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


