Accentnews.ge
პენტაგონი: "რუსეთის არმია დონბასში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს"

პენტაგონი: "რუსეთის არმია დონბასში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევს"

03/05/2022 06:36:56 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის არმიას დონბასში მინიმალური პროგრესი აქვს.

როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანი აცხადებს, რუსეთმა უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქების, იზიუმის და პოპასნაიას აღმოსავლეთში.

"რუსეთის სამხედრო ძალები განიცდიან ცუდ მართვას და ხელმძღვანელობას, ბევრ ქვედანაყოფში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია, ლოგისტიკა კი, იდეალურისგან საკმაოდ შორსაა", – აცხადებენ უწყებაში.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკრაინის ზოგიერთ რაიონში რუსი სამხედროების მდგომარეობა "ანემიას" შეადარა.

პენტაგონის შეფასებით, უკრაინის არმია მტკიცე წინააღმდეგობის კარგ მაგალითს კვლავ აჩვენებს, მათ შორის ხარკოვთან, სადაც მოწინააღმდეგე აიძულა ქალაქიდან დაახლოებით 40 კილომეტრით დაეხია.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის არმია განაგრძობს ხარკოვის და მარიუპოლის დაბომბვას, თუმცა, ზოგადი სიტუაცია პრაქტიკულად, უცვლელია. პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა 2125-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.

რაც შეეხება გასულ კვირაში გავრცელებულ ცნობებს, რომ უკრაინაში დაიჭრა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, პენტაგონის თანახმად, გერასიმოვი რამდენიმე დღის განმავლობაში დონბასში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა, ინფორმაციას მისი დაჭრის შესახებ, ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S