
RSF – საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია
03/05/2022 06:10:37 საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესებულია.
მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 89-ე ადგილზეა 59.30 ქულით. 2021 წლის ინდექსის თანახმად, ქვეყანა 71.36 ქულით გაცილებით უკეთეს, მე-60 ადგილზე იყო.
RSF მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აფასებს 5 მაჩვენებლის: პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების კონტექსტების მიხედვით. საქართველოს ყველაზე მაღალი, 80.79 ქულა აქვს სამართლებრივ და ყველაზე დაბალი, 41.34 ქულა უსაფრთხოების კონტექსტში.
საქართველო პრობლემური ქვეყნების კატეგორიაშია ევროპის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და ამერიკის 60-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად. ამავე კატეგორიაშია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, რუმინეთი, სლოვენია, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, ანდორა, ისრაელი, იაპონია, ბრაზილია, ჩილე, პერუ, პარაგვაი, ტუნისი, ეკვადორი, კენია, ლესოტო, კონგო და ა.შ.
RSF პრესის თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით, ქვეყნებს ანიჭებს ქულებს და ფერებს:
85-100 ქულა - კარგი(მწვანე);
70-85 ქულა - დამაკმაყოფილებელი(ყვითელი);
55-70 ქულა - პრობლემური(ღია ნარინჯისფერი);
40-55 ქულა - რთული(მუქი ნარინჯისფერი);
0-40 ქულა - ძალიან სერიოზული(წითელი).
პრესის თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზეა ნორვეგია 92.65 ქულით. სიტუაცია კარგია მსოფლიოს კიდევ 7 ქვეყანაში: დანია, შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია და კოსტა-რიკა.
შემდეგ კატეგორიებში არიან ქვეყნები, სადაც ვითარება დამაკმაყოფილებელია, პრობლემურია, რთულია და ძალიან სერიოზულია. ბოლო კატეგორიის - ძალიან სერიოზული სიტუაციის მქონე ქვეყნების პირველ სამეულში არიან: აზერბაიჯანი, ბელარუსი და რუსეთი. ბოლო ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა.
მსოფლიოში ჟურნალისტიკის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას, RSF მთავარ პრობლემებად ასახელებს გაორმაგებულ პოლარიზაციას და ონლაინ-სივრცეში საინფორმაციო ქაოსის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს ყალბი ამბების და პროპაგანდის გავრცელებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ "დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის".