
"პუტინმა უნგრეთი უკრაინასთან ომის შესახებ წინასწარ გააფრთხილა და ბუდაპეშტი თვლიდა, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილს დაისაკუთრებდა"
03/05/2022 06:24:34 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთი უკრაინასთან ომის მზადების შესახებ წინასწარ გააფრთხილა და ბუდაპეშტი თვლიდა, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილს დაისაკუთრებდა, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანოლოვმა ქვეყნის ნატო-ში - ანუ იმ ალიანსში გაწევრიანების შესახებ კითხვის საპასუხოდ, რომელშიც უნგრეთიც არის გაერთიანებული.
დანილოვს ამ ინფორმაციის წყაროები არ დაუკონკრეტებია. «ვნახოთ, რა შედეგები დადგება ამ ომის დასრულების შემდეგ უნგრეთისთვის" - დასძინა მან.
უნგრული მხარე დანილოვის განცხადებას ჯერ არ გამოჰხმაურებია.
კიევისა და ბუდაპეშტის ურთიერთობები რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე საგრძნობლად გაუარესდა, თუმცა არც მანამდე იყო იდეალური. ბუდაპეშტი კიევს უკრაინის დასავლეთში "ეთნიკური უნგრელების შევიწროებაში" სდებდა ბრალს, კიევი კი ვიქტორ ორბანის მთავრობას კრემლთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ზაკარპატიეში მოსახლეობისთვის უნგრული პასპორტების უკანონო დარიგებაში ადანაშაულებდა.
აპრილის დასაწყისში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლებზეც უკრაინის ომის თემა ორბანსა და ოპოზიციას შორის მთავარ სადისკუსიო საკითხად იქცა. პოლიტიკური ოპონენტები ორბანს მოსკოვთან თანამშრომლობის გამო უნგრეთის ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ, ის კი საპასუხოდ ირწმუნება, რომ "ოპოზიცია უნგრეთის ომში ჩართვას ცდილობს".