კარპენტერი: "აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიას გეგმავს"
03/05/2022 06:05:20 მსოფლიო
ეუთო–ში აშშ-ის ელჩ მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ-ის აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მაისის შუა რიცხვებში ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ანექსიას გეგმავს.
მისივე თქმით, იგეგმება ხერსონის ე.წ სახალხო რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ასევე ანექსირებული იქნება.
"ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს გეგმები რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ მაისის შუა რიცხვებში ჩაატაროს. მოსკოვი მსგავს გეგმას ხერსონთან დაკავშირებითაც განიხილავს", - განაცხადა მან.
კარპენტერმა ასევე დასძინა, რომ "რუსები მათ მიერ ოკუპირებული ქალაქებიდან იტაცებენ ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რათა ჩაანაცვლონ მოსკოვის მიმართ ერთგული ჯგუფებით".
მისივე თქმით, უჩინარდებიან სკოლის დირექტორები, ადგილობრივი მოხელეები, აქტივისტები და ჟურნალისტები.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


