ნიგერიის სახელმწიფო მინისტრი: "რუსეთი ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტით არის დაინტერესებული"
02/05/2022 19:26:05 მსოფლიო
ნიგერიის სახელმწიფო მინისტრი ნავთობრესურსების საკითხებში ტიმიპრე სილვა აცხადებს, რომ რუსეთი ნიგერია-მაროკოს გაზსადენის პროექტით არის დაინტერესებული.
„გასულ კვირას რუსები ჩემთან ოფისში იყვნენ. მათ ძალიან სურთ ინვესტიციის ჩადება ამ პროექტში და არის უამრავი სხვა ადამიანი, რომლებსაც ასევე სურთ ამ პროექტში ინვესტიციის განხორციელება. საუბარია მილსადენზე, რომელიც ჩვენს გაზს აფრიკის ბევრ ქვეყანაში და ასევე, აფრიკის კონტინენტის საზღვრამდე გადაიტანს, სადაც ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ წვდომა ევროპის ბაზარზეც", – განაცხადა სილვამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ პროექტის განხორციელება 2023 წლის მაისამდე დაიწყება. პროექტის ღირებულებაზე მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: ნიგერიამ და მაროკომ გაზსადენის პროექტის თაობაზე შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოაწერეს. პროექტის თანახმად, 5660კმ სიგრძის მილსადენი ერთმანეთთან დააკავშირებს ნიგერიასა და მაროკოს, ასევე – აფრიკის ზოგიერთ ქვეყანასა და ევროპას.


