ФСБ: რუსეთიდან საქართველოში გამსვლელთა ნაკადი 5-ჯერ გაიზარდა
02/05/2022 16:39:20 მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რომელიც, მათ შორის, სასაზღვრო სამსახურს კურირებს, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინების მკვეთრი ზრდის ფაქტი აღიარა. ამასთან, მისი ინფორმაციით, საქართველოში წასულების ნაკადი ერთბაშად 5-ჯერ გაიზარდა, სომხეთში - 3-ჯერ.
სტატისტიკური ინფორმაციის სახელმწიფო საიტის თანახმად, წლის პირველ კვარტალში სომხეთში რუსეთის 134 ათასი მოქალაქე გავიდა. მათგან 78 ათასმა მიზნად "კერძო ვიზიტი" დაასახელა, 41 ათასმა - ტურიზმი. 2021 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, რუსეთიდან სომხეთში სულ 44 ათასი მოქალაქე იყო გასული.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ორი ქვეყნის ერთადერთი სახმელეთო საზღვრის - ზემო ლარსის გავლით იმავე პერიოდში 38 ათასი მოქალაქე გავიდა. მათგან 28 ათასმა მიზნად "კერძო ვიზიტი" დაასახელა. 2021 წლის პირველ კვარტალში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 8 ათასს შეადგენდა.
ფიქსირდება ასევე ნაკადის ზრდა უზბეკეთის (53 ათასი), ტაჯიკეთის (40 ათასი), აზერბაიჯანის (ათასი), ბახრეინის (3 ათასი), ეგვიპტეს (351 ათასი), საუდის არაბეთის (5 ათასი), არაბთა გაერთიანებული საემიროების (263 ათასი), ლიბანის (810), დომინიკის რესპუბლიკის (90 000) მიმართულებით.
მოსკოვი მოქალაქეთა გადინებას უმთავრესად კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას უკავშირებს, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს უკრაინასთან ომსაც.
"ზემო ლარსი ერთ-ერთი უიშვიათესი შესაძლებლობაა რუსეთიდან მანქანით გასასვლელად, ამდენად, ეს მიმართულება უაღრესად პოპულარული გახდა. ბევრი შემდგომში საქართველოდან თურქეთში გადადის, ან ბორნით ბულგარეთში. ამ ადამიანების უმრავლესობას შეადგენენ მოქალაქეები, რომლებიც პუტინის რეჟიმს არ ეთანხმებიან", – განუცხადა Кавказ.Реалии-ს საქართველოს შესახებ უმსხვილესი რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის დამფუძნებელმა, აქტივისტმა ნიკოლაი ლევშიცმა. მისივე თქმით, ემიგრანტებს შორის ყველაზე მეტი IT-სპეციალისტია.
აღსანიშნავია, რომ მარტში პროექტ Ok Russians-ის ავტორებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთიდან სულ მცირე, 300 ათასი მოქალაქის გასვლის შესახებ. ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად დასახელდა სომხეთი, საქართველო და თურქეთი.


