
"საზოგადოებრივ მაუწყებელში" გრძელდება თანამშრომელთა დევნა"
02/05/2022 13:33:50 საზოგადოება
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მიიჩნევს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" სამი ჟურნალისტის გათავისუფლება არხზე თანამშრომელთა დევნის გაგრძელებაა. ასე გამოეხმაურა მედიაკოალიცია მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას, 1 მაისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა ის თანამშრომლები, რომლებიც ცენზურასა და "შავ სიებზე" საუბრობდნენ.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის", - აცხადებენ მედიაკოალიციაში.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ე.წ. შავ სიებსა და ცენზურაზე არხის თანამშრომლები თებერვლიდან საუბრობენ. "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.
"ახალი კვირის" წამყვანმა არხზე არსებულ ცენზურაზე საუბარი 17 თებერვალს დაიწყო. იმავე საღამოს იმედა დარსალიას "ფეისბუკზე" გამოეხმაურა არხის პროდიუსერი ეკა შონია.
"რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. შავი სიების შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა, ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას... ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა "შავი სიების" საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა", - წერდა შონია.
პროდიუსერის ამ განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ განაცხადეს, რომ გადაცემაში ცენზურის ფაქტები ნამდვილად იყო:
"ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას".