გერმანია განმარტავს, რა შემთხვევაში მოეხსნება რუსეთს სანქციები
02/05/2022 11:45:32 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები უკრაინის ტერიტორიიდან, მათ შორის, აღმოსავლეთ დონბასიდან და ყირიმიდან ჯარების სრული გაყვანის შემდეგ მოიხსნება.
"სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ გავაუქმებთ, როცა რუსული ჯარები გავლენ უკრაინიდან“, — განუცხადა ბაერბოკმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ს.
ცნობისთვის: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ რიგით მეექვსე სანქციების პაკეტს ამზადებს. ბაერბოკის თქმით, ბერლინი მზად არის მხარი დაუჭიროს ეტაპობრივ, ევროკავშირის მასშტაბით ემბარგოს რუსული ნავთობის იმპორტზე.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა.


