აშშ-ის პირველი ლედი რუმინეთსა და სლოვაკეთს ეწვევა
02/05/2022 06:15:34 მსოფლიო
აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მიმდინარე კვირაში რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება.
იგი გამოხატავს მხარდაჭერას დევნილი უკრაინელი ოჯახების მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა.
ჯილ ბაიდენი ვიზიტის დროს შეხვდება საზღვარგარეთ დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს, ასევე ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს.
პირველი ლედი რუმინეთში ხუთშაბათს ჩავა და "Mihail Kogalniceau"-ს საავიაციო ბაზას ესტუმრება, სადაც სამხედროებს შეხვდება. შაბათს კი ბუქარესტში შეხვედრებს გამართავს რუმინეთის მთავრობის წევრებთან, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებთან.
მოგვვიანებით, აშშ-ის პირველი ლედი სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, შემდეგ კი კოშიცესა და ვისნე ნემეკეში უკრაინელ ლტოლვილებს და იმ სლოვაკებს შეხვდება, რომლებმაც უკრაინიდან ჩასული ოჯახები შეიფარეს. 9 მაისს, ბაიდენი ვიზიტს სლოვაკეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრით დაასრულებს.
ცნობისათვის: ოფიციალუი მონაცმებით, რუმინეთში უკრაინელი ლტოლვილების ყველაზე დიდი ნაკადი ჩავიდა პოლონეთის შემდეგ. სლოვაკეთს კი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს, 250 000-ზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა თავი.


