უკრაინის შეიარაღებული ძალები - კუნძულ ზმეინიზე რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე იერიში მივიტანეთ
01/05/2022 07:54:31 მსოფლიო
უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, მათ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე.
უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.
ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სარდლობამ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით გაავრცელა.
კუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა - მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა, რომ გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“.
რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, "მოსკვა" შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით.


