საქართველოში რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა იკლო, დასავლეთს ქვეყნებიდან – იმატა
29/04/2022 15:44:56 ეკონომიკა
2022 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა და 193.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 24.0 მლნ აშშ დოლარამდე (3.6%–ით) შემცირდა, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით 217.1%–ით ყაზახეთიდან და 127.8%–ით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა ცვლილება მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 2.7 და 0.6 პროცენტული პუნქტებით აისახა.
ფულადი გადმორიცხვები ყველა მეზობელი ქვეყნიდან – რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 14.1%–ით გაიზარდა, რაც ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.
საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა 8.3%–ით შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.


