Accentnews.ge
ზახაროვა: «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვითარდეს»

ზახაროვა: «რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვითარდეს»

29/04/2022 14:55:17 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დღეს აფხაზი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. მას, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზეც დაუსვეს კითხვა. საპასუხოდ ზახაროვამ განაცხადა, რომ "ორი ქვეყნის ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რაც ბუნებრივია, რადგან მათ საერთო ისტორია, საფრთხეები და გამოწვევები, კულტურა და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებთ".

დაისვა ასევე შეკითხვა რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლების პერსპექტივების შესახებ უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მოწოდებების ფონზე, თბილისმა ტერიტორიების დაბრუნების ისტორიული შანსი გამოიყენოს, რაზეც ზახაროვამ განაცხადა:

«საქართველოსთვის ამჟამად ამოსავალი მისი სუვერენული პოლიტიკაა, თბილისი მის ფორმირებას ახდენს. ჩემი აზრით, ეს სადღეისოდ ჭეშმარიტი სუვერენიტეტის გამოხატულებაა. დადგა დრო, მკაფიოდ ჩამოვყალიბდეთ, როგორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ - საკუთარი სუვერენული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პასუხობს, თუ ვიცეკვოთ სხვის დაკრულზე».

რაც შეეხება უკრაინის ომის გამო ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადებას, ზახაროვას თქმით, "მსგავსი ინიციატივა დასავლეთისთვის ჩვეული გაუქმების კულტურის ნაწილია": "აუცილებელია, გაიმიჯნოს სამართლიანი რისხვა, დიალოგის წარმოების შეუძლებლობა პრინციპული მოსაზრებების გამო და მოლაპარაკებათა პროცესის არაეფექტურობა, მაგალითად, ჩიხში შესვლა. რეალურად, ხდება იდეოლოგიის თავს მოხვევა და ყველა, ვინც მას მხარს არ უჭერს, უბრალოდ ირიცხება პროცესიდან».

თემას გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბაც, რომელმაც მანამდე ზახაროვასთან ონლაინ-კონსულტაციები გამართა "საგარეო პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე". «მრავალი წელია, საქართველო და კოლექტიური დასავლეთი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას საბოტირებენ. ჩვენი მიზანი ჟენევის დისკუსიებზე ამ შეთანხმების გაფორმება და საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებაა. რა მიზანი აქვს ჟენევის დისკუსიებზე საქართველოს - ჩვენ გვესმის და ეს ჩვენში დიდ იმედგაცრუებას იწვევს», – განაცხადა არძინბამ.

ჟენევის დისკუსიების ბოლო - 55-ე რაუნდი გასული წლის დეკემბერში გაიმართა, ხოლო შემდეგი მიმდინარე წლის 29-30 მარტს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა როგორც მარტის ბოლოს ოსური დელეგაციის წარმომადგენელმა კონსტანტინე კოჩიევმა განაცხადა, შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S