პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტმა მიიწვია
29/04/2022 12:54:02 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტისგან მიიღო. სამიტი ნოემბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.
“ინდონეზიას დიდი ოცეულის გაერთიანება სურს. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების ერთადერთი გზაა,” - განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა.
ინდონეზიის პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში სამიტზე უკრაინის პრეზიდენტიც მიიწვია.
ვიდოდოს პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ინდონეზიის პრეზიდენტი პუტინს უკრაინის ომის დაუყოვნებლივ დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ქვეყნის სახელით სურვილი გამოთქვა, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ინდონეზიამ წვლილი შეიტანოს.
ვიდოდომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს მზადყოფნა გამოთქვა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, მაგრამ არა სამხედრო დახმარებისთვის, რაც მისი თქმით, ინდონეზიის კონსტიტუციითა და მისი საგარეო პოლიტიკით აკრძალულია.


