ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი, რომელმაც უკრაინაში ომი გააკრიტიკა, რუსეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის
29/04/2022 12:29:11 მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "ინტერროსი", რომლის მფლობელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმირ პოტანინია, ბანკირ ოლეგ ტინკოვის ოჯახთან დაახლოებული კომპანია "ტინკოფ ბანკის" აქციების 35%-ს იძენს.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, TCS Group-ის აქციათა 35%-ის ღირებულება 2,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო "ერბეკას" ცნობით, აქციების შესყიდვაზე მიმდინარე მოლაპარაკების დროს განიხილებოდა თითქმის 7 ჯერ ნაკლები, 350 მილიონი დოლარის მოცულობის თანხა.
"დადგა დრო, გავიდე პენსიაზე და ოჯახს და ჯანმრთელობას მივხედო", - განაცხადა ამ გარიგების კომენტირებისას ტინკოვმა.
მანამდე "ტინკოფ ბანკის" დამფუძნებელმა ოლეგ ტინკოვმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. კერძოდ მან ომს "უაზრო", მის მხარდამჭერებს კი - "დებილები" უწოდა.


