Accentnews.ge
"თუ სეანსების გაუქმება სამდივნოს გადაწყვეტილებაა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე" - ნანა ჯანელიძე

"თუ სეანსების გაუქმება სამდივნოს გადაწყვეტილებაა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე" - ნანა ჯანელიძე

29/04/2022 11:32:18 საზოგადოება

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე „საქართველოს კინოაკადემიის“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება კინოაკადემიის სამდივნოს მიერ ერთობლივად იქნა მიღებული, უარს იტყვის აკადემიის წევრობაზე.

„ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა – კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლება, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა. მითუმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ – ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა? თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკედემიის წევრობაზე“, – აცხადებს ნანა ჯანელიძე.

28 აპრილს რეჯისორმა სალომე ჯაშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კინოაკადემიის ხელმძღვანელმა მინდია ესაძემ „მოთვინიერების“ სეანსები კინოაკადემიის „ლურჯ კინოდარბაზში“ გააუქმა. მოგვიანებით ესაძემ დაადასტურა, რომ დაგეგმილი კინოჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია.

„მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“ – უთხრა ესაძემ „რადიო თავისუფლებას“.

სეანსების გაუქმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენება სხვადასხვა სივრცეში გაგრძელდება.

„მოთვინიერების“ ჩვენება 29 აპრილს, 5-6 და 12-13 მაისსაც იყო დაგეგმილი. გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა უნდა გადარიცხულიყო ფონდში – DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, სურათი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ 17 ფილმს შორის მოხვდა. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე.

„მოთვინიერებაში“ ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესია აღბეჭდილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S