"ბირთვული იარაღის ჟღარუნს არ მოვითმენთ, არ დავნებდებით" – აშშ–ის ელჩი რუსეთში
29/04/2022 08:55:59 მსოფლიო
აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა ბირთვულ ომთან დაკავშირებულ რუსეთის ბოლოდროინდელ რიტორიკას "ბირთვული შანტაჟი" უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამ ყველაფერს არ დანებდება.
"ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო რიტორიკაში არ ვერთვებით... [აშშ] მზადაა შეერთებული შტატების წინააღდეგ მიმართული ბირთვული აგრესია შეაკავოს. ბირთვულ შანტაჟს არ დავნებდებით, არ მოვითმენთ ბირთვული იარაღის ჟღარუნსა და ბირთვულ ზღვარზე ყოფნას". – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა CNN-თან.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომი ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სტრატეგიული მარცხით დასრულდეს:
"ეს ომი პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს ომი პრეზიდენტი პუტინის გადაწყვეტილებით დასრულდება... ყველაფერს ვიზამთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის და მისი მთავრობისთვის სტრატეგიული მარცხი იქნება და არა უკრაინაში გამარჯვება".
გასულ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ბირთვული საფრთხე რეალურია და მისი "არასწორი შეფასება არ შეიძლება".
შემდეგ ვლადიმირ პუტინი დაემუქრა ცივილიზებულ სამყაროს, რომ თუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერთვებიან, რუსეთის საპასუხო დარტყმა "ელვის სისწრაფის იქნება".
ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით "უაზრო კომენტარები" არავინ უნდა გააკეთოს.


