
„უკრაინას მსოფლიოში სურსათის კრიზისის პრევენციის პოტენციალი აქვს“ - ზელენსკი
29/04/2022 07:51:16 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციისთვის, მაგრამ რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს და ანადგურებს საწარმოო ბაზას.
„დღეს ვისაუბრეთ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევაზე - სასურსათო კრიზისზე, რომლის პროვოცირებასაც რუსეთი ახდენს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის გაგრძელებით. უკრაინა პლანეტაზე ბუკვალურად 400 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს პურით და გაეროც აღიარებს, რომ სურსათზე ფასების ზრდა წელს მსოფლიოს 81 ქვეყანაში მინიმუმ 47 მილიონი ადამიანის შიმშილს გამოიწვევს“, - განაცხადა ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრისას.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რათა მსგავსი კრიზისი თავიდან იქნეს აცილებული.
„გვაქვს პროდუქტი, რომელიც უნდა მივიტანოთ ვენს პორტებში, მაგრამ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნაწილი ჩვენი პორტების ბლოკადაა, ისევე როგორც ჩვენი საწარმოო ბაზის განადგურება“,– განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება და მშვიდობის დაბრუნება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სასურსათო კრიზისი და ათობით ქვეყანაში შიმშილი და პოლიტიკური ქაოსი.
„ჩვენ განვიხილეთ ყველა ღონის მიმართვის აუცილებლობა იმისკენ, რომ რუსეთმა განბლოკოს უკრაინის პორტები სურსათის ექსპორტისთვის. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, ამას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მთელი მსოფლიოსთვის და გაეროსთვის, რომელიც მას წარმოადგენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.