
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონიდან დაბომბვის შესახებ იუწყებიან
29/04/2022 06:54:55 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ სოფელ კრუპეცს ნაღმტყორცნებიდან ესროლეს, თუმცა მას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
”რილსკის სასაზღვრო რეგიონში დილა მშვიდი არ იყო. დაახლოებით 08:00 საათზე კრუპეცის საგუშაგოს ნაღმტყორცნებიდან ესროლეს “, – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.
მისი თქმით, იყო საპასუხო სროლა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში აფეთქებების შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია. საუბარია ბელგოროდზე, კურსკსა და ვორონეჟზე.
"ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბრძოლო მასალების საცავი იწვის. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", –აცხადებდა ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
კურსკის გუბერნატორი ამბობდა, რომ "კურსკის რაიონში მოსახლეობამ ადგილობრივი დროით 2:45 საათზე აფეთქებების ხმა გაიგო. აფეთქებების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ მას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია".
გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინა საწვავის საცავებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელებაში.
„ომის ინტენსივობა ძალიან მაღალია... რა თქმა უნდა, კონფლიქტის ასეთი ინტენსივობა ზუსტად აისახება რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებზეც: სწრაფად გაიზრდება პანიკური განწყობა, შეიქმნება კონფლიქტური სიტუაციები, იქნება აფეთქებები საწყობებში და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება. და რუსეთის დემილიტარიზაციის ინტენსივობა, განსაკუთრებით სასაზღვრო რაიონებში, ჩემი აზრით, მხოლოდ საგრძნობლად გაიზრდება უახლოეს კვირებში. და ეს ბოლოს და ბოლოს რუსებს შორის კითხვებს გააჩენს: „რას ვაკეთებთ უკრაინაში? რატომ ვხოცავთ ხალხს მასობრივად და რა საფასურისთვის ვართ მზად?“ და საწყობები, ეს საწვავ–საპოხი მასალა, საწვავის ბაზები იქნება ვალის გადახდა, რომლის დაფარვასაც რუსეთი იწყებს ომისთვის“,– თქვა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკიმა ზემოაღნიშნულ ცნობებთან დაკავშირებით.