
გერმანია მზადაა, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარი დაუჭიროს – The Wall Street Journal
29/04/2022 06:41:48 ევროპა
გერმანია მზად არის შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, რაც გზას გაუხსნის ევროკავშირს რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვისკენ,– იტყობინება The Wall Street Journal ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწორედ ბერლინი იყო მოსკოვთან ნავთობისა და გაზის ვაჭრობის შესახებ ევროკავშირის სანქციების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. თუმცა, ოთხშაბათს გერმანიის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ინსტიტუტებში გააუქმეს ქვეყნის წინააღმდეგობა რუსულ ნავთობზე სრული ემბარგოს შესახებ, იმ პირობით, რომ ბერლინს მიეცემა საკმარისი დრო ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.
„გერმანიის პოზიციის ცვლილება რუსულ ნავთობზე ეტაპობრივ ემბარგოზე ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმების შესაძლებლობას ზრდის. გადაწყვეტილება კი მომავალ კვირაში მიიღება,– ამბობენ დიპლომატები და ოფიციალური პირები.
თუმცა, რჩება კითხვა, რამდენად სწრაფად შეწყვეტს ევროკავშირი რუსული ნავთობის ყიდვას და მიიღებს თუ არა ისეთ ზომებს, როგორიცაა ზღვრული ფასები ან ტარიფები. აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავი აარიდონ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ნავთობზე ფასის მუდმივი ზრდა.
გერმანიამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ ბოლო დროს გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები რუსეთის სხვა მომწოდებლების ჩანაცვლებისთვის.
დიპლომატების ქმით, ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, იტალია, ავსტრია და საბერძნეთი კვლავ ფრთხილობენ ნავთობზე ემბარგოს დაწესების კუთხით. იმისთვის, რომ ემბარგო ამოქმედდეს, 27-ვე ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებაა საჭირო.
როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთისგან 44 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა, მათგან ყველაზე მეტი –გერმანიამ.
წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ გერმანია მზადაა, განიხილოს რუსული Sberbank-ის ჩართვა ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში.
გარდა ამისა, გერმანიის ბუნდესტაგმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მძიმე იარაღის დაჩქარებულ მიწოდებას.