ბაიდენი განმარტავს, რატომ სთხოვს კონგრესს 33მლრდ დოლარის გამოყოფას
28/04/2022 17:31:42 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, უკრაინის დასახმარებლად გამოყოს იმაზე ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა უკვე დახარჯა კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
მან აშშ–ის მოქალაქეებს განუმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის დახმარების გაწევა იმის მიუხედავად, რომ თავად ამერიკელებს ყოველდღიური ხარჯები გაეზარდათ.
”ამ ბრძოლის ღირებულება არ არის იაფი, მაგრამ აგრესიაზე დათმობაზე წასვლა უფრო ძვირი დაგვიჯდება", – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, 33მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება შემდეგნაირად გადანაწილდება:
- 20.4 მილიარდი – სამხედრო დახმარება;
- 8,5 მილიარდი – ეკონომიკური დახმარება;
- 3 მილიარდი – ჰუმანიტარული დახმარება;
- ამასთან, თანხა გამოიყოფა ომის შედეგად გამოწვეული გლობალური საკვების დეფიციტის გასამკლავებლად.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


