გაეროს მდივანი ბუჩაში ჩავიდა: "საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება"
28/04/2022 09:02:22 მსოფლიო
გაეროს მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და ბუჩას ესტუმრა.
გუტიერეშმა ნახა მასიური საფლავი ბუჩაში და განაცხადა, რომ საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„აქ, ვგრძნობთ რამდენად მნიშვნელოვანია სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხი. მე სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ, როცა ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


