
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
28/04/2022 08:17:56 საზოგადოება
თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
დედაქალაქის მერ კახა კალაძის თქმით, "ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია, რათა ქალაქში წესრიგი იყოს".
მისი თქმით,
- "ამკრძალავი ნიშნის - „გაჩერება და დგომა აკრძალულია“, დაუცველობისთვის ჯარიმა იყო 10 ლარი, ცვლილებების შედეგად 50 ლარი გახდება.
- ველოსიპედის ბილიკზე ან ზოლზე მოძრაობის, დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა იზრდება - იყო 50 ლარი, გახდება 100 ლარი.
- ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში ყველა ქუჩაზე გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები, რომელიც მათთვის უფასოა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ხდება ამ ადგილების დაკავება სხვა მძღოლების მხრიდან. აქაც იზრდება ჯარიმა - იყო 50 ლარი, გახდება 100 ლარი.
- სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება - ესეც დიდი პრობლემაა. თვეობით, წლობით დგას კონკრეტული ავტომობილი, რომელიც მიტოვებულია და ეს დისკომფორტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს ვერ აჩერებენ. ესეც მიუღებელია. იზრდება ჯარიმა - დღეს 50 ლარია, გახდება 100 ლარი.
- თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების დამუხტვის ადგილზე პარკირება სხვა ავტომობილებისთვის დაჯარიმდება - 50 ლარია დღეს, გაიზრდება 100 ლარამდე.
- არის შემთხვევები, სადაც შშმ პირების ადგილების დაკავება ხდება. აქაც ჯარიმა დღეს 50 ლარია, გაიზრდება 100 ლარამდე".
"მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ასევე ე.წ. ბასლაინებში ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს. ამ ცვლილებებით „ა“ კატეგორიების ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ ავტობუსის ზოლებში მგზავრის აყვანის და ჩამოსმისთვის. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, როდიდან ამოქმედდება. ასევე, ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეითად მოსიარულეებს, ეტლით მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ტროტუარებზე. ამასთან, მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ ადგილზე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება დიდი სატრანსპორტო საშუალებების პარკირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.