
ეროვნულმა მუზეუმმა იულონ გაგოშიძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ხელმოსაწერად გადასცა
27/04/2022 19:40:30 საზოგადოება
ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ მეცნიერ იულონ გაგოშიძეს გათავისუფლების განცხადება ხელმოსაწერად გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ მეცნიერის შვილიშვილი, გიორგი გაგოშიძე ავრცელებს.
განცხადება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სახელზე წერია.
"აი, ეს გადასცა ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ ბაბუაჩემს, მთავარ ბონბონიერს ხელმოსაწერად, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რეორგანიზაცია მტკივნეული პროცესია და დაველოდოთ შედეგებს, იქნებ "ვსიო ეტა კ ლუჩშემუ", მე მჯერა ჩემი კულტურის მინისტრის.
მანამდე, მე პირადად, მოვუწოდებ ყველა ხელოვანს, კურატორს, კუტურიეს, არტისტს, დარტისტს, დარტანცუგას და ასე შემდეგ, ყველანი აეროპორტში გიტარით და ჩქარი ტაშით დავხვდეთ ვენეციის ბიენალედან დაბრუნებულ ქალბატონ თეას და საერთოდ აეროპორტის ტრასაზე დავუჩოქოთ", - წერს გიორგი გაგოშიძე.
თეა წულუკიანის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.
21 თებერვალს კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ადამიანებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს სამინისტროს მიერ ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლების მისამართით.
აქციის ორგანიზატორები და გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობდა მათი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით და რეორგანიზაციის ფარგლებში ჩანიშნული გასაუბრებისას ისინი არ ინტერესდებოდნენ თანამშრომლების საქმიანობით.
მომდევნო დღეს, 22 თებერვალს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოეხმაურა აქციას. მან ისაუბრა არქეოლოგ იულონ გაგოშიძის და მისი შვილის, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის შესახებ, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი ქვეუწყებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან გაათავისუფლეს. მისი შეფასებით, აქცია იყო „ერთი დიდი ანეკდოტი“.
„საბჭოთა სტილს და ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული, მეცნიერი იულონ გაგოშიძე. ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი, 20 წლით ადრე ვიდრე მე დავიბადებოდი, შესაბამისად ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში და ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს მეტ თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და თვლის, რომ თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღინდ მას ავიწყდება, რომ ის დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს.
ასევე ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი არის აქტიურად მედიაში და მგონი აქციაზეც ბრძანდებოდა, ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, ბატონი იულიონის კიდევ ერთი შვილი მუშაობს ჩვენს სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს. ჩვენს სისტემაში მუშაობს ბატონი იულონის რძალი, ნაციონალების დროიდან და ხელფასს იღებს და მუშაობდა ჩვენს სისტემაში ბატონი იულონის შვილიშვილი, რომელიც სამი წელი არ დადიოდა სამსახურში, მას შტატს უნახავდნენ სწორედ ხელოვნების მუზეუმში და ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, გარკვეული „ბომბონერი“ რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა პერიოდის მეცნიერი, თვლი რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც კიდევ უფრო გააღვიძა და გააღვივა ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, რომელიც იყო ჩემი წინამორბედი და თავადაც როდესაც „ბომბონი“ გგონია თავი და „ბომბონერში“ შემდეგ, როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს ეს აღშფოთება“, – თქვა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ბრალდებებს იულონ გაგოშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ ელოდა მინისტრისგან ასეთ თავდასხმას. როგორც ის ამბობს, მინისტრს სურს, რომ სისტემაში ჰყავდეს მორჩილი კადრები.
„არ ველოდი ასეთ თავდასხმას. 55 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში, ფაქტობრივად, ერთი სიცოცხლე ვიცხოვრე. ძალიან კარგად ვიცი რა არის საბჭოთა პიროვნება და ძალიან მაგონებს ეს ჩვენი დღევანდელი მინისტრი იმ საბჭოთა ჩინოვნიკს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახსენა, რომ მორჩილება არის მაგისი ძირითადი თვისება. მორჩილება არის ძირითადი თვისება, რაც ხელს უწყობს დიქტატურას, რადგან თუ მორჩილი არა ხარ, მონა ვერ გახდები. მთელი საბჭოთა კავშირი მომართული იყო იმაზე, რომ შეექმნათ მონების საზოგადოება“, – თქვა მან ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
წულუკიანმა 22 თებერვლის ინტერვიუში აღნიშნა, იულონ გაგოშიძეს „ავიწყდება, რომ ის დღესაც კულტურის სამინისტროდან იღებს ხელფასს“. გაგოშიძის განცხადებით, მისი ხელფასი 160 ლარს შეადგენს. მეცნიერი განმარტავს, რომ მუზეუმში ექსპონატის მოვლას დიდი გამოცდილება სჭირდება და არ შეიძლება გამოცდილი კადრები გაუშვა და ის ახლით ჩაანაცვლო, ასეთ შემთხვევაში ახალი კადრები ექსპონატებს ვერ მოუვლიან.
„თითქოს იმდენ ფულს ვიღებ სამინისტროდან, რომ ვთქვა, ისიც მრცხვენია. 160 ლარს ვიღებ ხელზე. მუზეუმის თანამშრომლობა სულ სხვა რაღაცაა, ამას ვერ იგებენ. მე ხომ არქეოლოგი ვარ, მაგრამ ვარ მუზეუმში გაზრდილი არქეოლოგი, არსებობენ არამუზეუმელი არქეოლოგები, ბევრია ასეთი, კარგი არქეოლოგებიც არიან მათ შორის. მაგრამ მუზეუმში ისინი არ ივარგებენ. ის მუზეუმში უნდა გაიზარდოს. ნივთს რომ ადგილი შეუცვალო, აქტი უნდა დაიწეროს ამაზე. ნივთის მოვლასთავისი ცოდნა სჭირდება. გამოცდილება სჭირდება. ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები 20-25 წლამდე და ისინი იზრდებიან, სწავლობენ და კარგები არიან შემდეგ მუზეუმისთვის. ასე რომ, მოკიდო ხელი და გაყარო ადამიანები, მერე ახალი მოიყვანო, არ გამოდის. ვერ მოუვლიან ისინი ნივთებს“, – განაცხადა იულონ გაგოშიძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ ბუნებრივია მისი ოჯახის წევრები ერთ სფეროში რომ მოღვაწეობენ და ამაში გასაკვირი არაფერია.
„როდესაც გიორგი ჩუბინაშვილმა შექმნა ძეგლთა დაცვის სისტემა, დედაჩემი როგორც არქიტექტორი იქაც მუშაობდა. მე, ბავშვი მიმიყვანა იქ. ჩემი შვილებიც ბავშვობიდან მუზეუმში იყვნენ, ასე რომ ეს ნეპოტიზმი არ არის“, – თქვა მან.