Accentnews.ge
პოლონეთი და ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთი და ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

27/04/2022 19:26:40 ევროპა, მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, "გაზპრომის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება". ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის.

"პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან გაზის შეწყვეტას ელოდა.

"ფაქტია, რომ რუსებმა "ონკანი გადაკეტეს". მართლაც, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი წყვეტს გაზის მოწოდებას ჩვენს ქვეყანაში. ეს მშვიდად მივიღეთ. უნდა ვაღიარო, რომ ამას ველოდი მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ გაზით შანტაჟი უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა ანდჟეი დუდამ და აღნიშნა, რომ "პოლონეთს აქვს ადეკვატური შესაძლებლობები, რათა აბონენტებმა საერთოდ არ იგრძნონ" რუსული გაზის შეწყვეტა.

სამართლებრივი დავისთვის ემზადება ბულგარეთიც.

"ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა გაზპრომიდან უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში.

როდესაც პუტინის ინიციატივით, გადახდის სქემა შეიცვალა და არამეგობრულ ქვეყნებს ენერგორესურსების საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვეს, ნიკოლოვის თქმით, ბულგარეთმა უარი განაცხადა და გადახდის მექანიზმთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც გაზპრომისგან ამ დრომდე არ მიუღია.

"ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვაჩვენეთ, რომ ევროკავშირის საერთო პოზიციას მივყვებით. ჩვენ არ მივიღებთ იმ მოცემულობას, სადაც კონტრაქტის ფარგლებში, ერთ-ერთმა მხარემ გადახდის მექანიზმის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. ასე რომ, აღმოვჩნდით იქ, სადაც დღეს ვართ... მაგრამ, ამ მძიმე ვითარებაშიც ვცდილობთ კონტრაქტის ყველა წინაპირობის დაცვას". - ამბობს ნიკოლოვი.

ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს.

"პრაქტიკულად, 90%-დან 0-მდე ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, რთულია, ჩვენ გარკვეული ფასის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტი და უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ფლანგზე, ყველაზე ახლოს რუსეთთან, სადაც ომი სხვა განზომილებაში გადადის. კომუნალური მომსახურება რუსეთისთვის არამხოლოდ ენერგეტიკული ინსტრუმენტი, არამედ სოციალური უბედურების იარაღია". - ამბობს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი.

კრემლის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა. საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულად“ მიჩნეულმა ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი თქვეს გადახდის ამ მეთოდზე, ამიტომ გაზპრომმა ამ ორ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც ევროკავშირმა „შანტაჟად“ და „კონტრაქტის დარღვევად“ შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S