
ზელენსკი: „რუსეთი არა მხოლოდ გაზით ცდილობს ევროპის დაშანტაჟებას“
27/04/2022 18:39:11 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთი ევროპის დაშანტაჟებას არა მხოლოდ გაზით ეცდება.
„ამ კვირაში რუსეთის ხელმძღვანელობამ ევროპელების ენერგეტიკული შანტაჟის ახალი სერია წამოიწყო. პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ევროპაში არავის უნდა ჰქონდეს რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნების იმედი.
რუსეთი იარაღად განიხილავს არა მხოლოდ გაზს, არამედ ნებისმიერი სახის ვაჭრობას. უბრალოდ ელის მომენტს ამა თუ იმ სავაჭრო მიმართულების ევროპელების პოლიტიკური შანტაჟისთვის გამსაყენებლად, ან რუსული ომის მანქანის გასაძლიერებლად, რომლის სამიზნედაც გაერთიანებულ ევროპას ხედავს“,– განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რაც მალე აღიარებენ ევროპაში, რომ არ შეიძლება, რუსეთთან სავაჭრო დამოკიდებულება, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი ევროპულ ბაზრებზე სტაბილურობის გარანტირება.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი გლობალური ფასების კრიზისის პროვოცირებას ცდილობს:
„რუსეთის ფედერაციას სურს დაიწყოს ქაოსი ყველა საბაზისო ბაზარზე და განსაკუთრებით სურსათში.
უკრაინული ექსპორტი ხელს შეუწყობს ბაზრების სტაბილიზაციას. ამიტომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ევროპელისთვისაა მომგებიანი“.
კრემლის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესა. საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, „არამეგობრულად“ მიჩნეულმა ქვეყნებმა გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.
პოლონეთმა და ბულგარეთმა უარი თქვეს გადახდის ამ მეთოდზე, ამიტომ გაზპრომმა ამ ორ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რაც ევროკავშირმა „შანტაჟად“ და „კონტრაქტის დარღვევად“ შეაფასა.