Accentnews.ge
IRI–ს კვლევა: გამოკითხულთა უმეტესობა საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, პარტნიორად - ევროკავშირს, აშშ-ს და უკრაინას

IRI–ს კვლევა: გამოკითხულთა უმეტესობა საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, პარტნიორად - ევროკავშირს, აშშ-ს და უკრაინას

27/04/2022 17:13:20 საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს (54%), აშშ-სა (53%) და უკრაინას (45%) მიიჩნევს. ამასთან ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტან ქვეყნად მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს, 8% - - თურქეთს, 5% - აშშ-ს, 3% კი - სომხეთს.

კვლევის შედეგების თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან დიალოგს უჭერენ მხარს: გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს რუსეთთან დიალოგს, 28% — ნაწილობრივ, ხოლო 36% მტკიცედ ან ნაწილობრივ წინააღმდეგია ასეთი დიალოგის.

2021 წლის ივნისის კვლევაში რუსეთან დიალოგს სრულად ემხრობოდა მოსახლეობის 56%, ნაწილობრივ — 22%, ხოლო 20% მას მეტ-ნაკლებად ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება ეკონომიკურ პარტნიორობას, გამოკითხულთა 45% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს, 42% - აშშ-ს, 32-32% - თურქეთსა და უკრაინას, 24% - აზერბაიჯანს, 14% - ჩინეთს, ხოლო 11% - რუსეთს. ამასთან, 83% ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხის მატარებელ ქვეყნად საქართველოსთვის სწორედ რუსეთს მიიჩნევს.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 74% - სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, 60% - სრულად, ხოლო 15% ნაწილობრივ ემხრობა NATO-ს წევრობას, 4% - ნაწილობრივ, ხოლო 6% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.

მოსახლეობის 43%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა, ხოლო NATO-ს შემთხვევაში 31% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოება. საზოგადოების 28%-ის აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი დაბრკოლება პოლიტიკური არასტაბილურობაა, NATO-ს შემთხვევაში კი 32% თვლის, რომ დაბრკოლება რუსეთია.

საველე სამუშაოები IRI-ს დაკვეთით 4-24 მარტს გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 მოქალაქე. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S