
„ოცნება“ – 31%, ენმ – 16%, „საქართველოსთვის“ – 4% – IRI–ის კვლევა
27/04/2022 16:44:31 საზოგადოება
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 31% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. შემდეგ პოზიციას იკავებს "ნაციონალური მოძრაობა". კერძოდ:
- ენმ – 16%
- საქართველოსთვის – 4%
- დროა – 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- ხალხისთვის – 2%
- ლელო – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 1%
- კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 2%
- ხმას არ მივცემდი – 4%
- ბიულეტენს გადავხაზავდი – 11%
- არ ვიცი – 12%
- უარი პასუხზე – 7%
კითხვაზე, ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს, რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.
„მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალაქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64%.