Accentnews.ge
შვედეთი და ფინეთი რუსეთისგან აქტივობის ზრდას რამდენიმე მიმართულებით ელიან

შვედეთი და ფინეთი რუსეთისგან აქტივობის ზრდას რამდენიმე მიმართულებით ელიან

27/04/2022 15:12:17 მსოფლიო

ფინეთი და შვედეთი უნდა მოემზადონ რუსული ჯაშუშური ოპერაციების გააქტირებისთვის, კიბერშეტევებისა და საკანონმდებლო საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის ნატო–ში გაწევრიაბების თაობაზე ქვეყნების მიერ გამოთქმული მზაობის ფონზე,– იუწყება Reuters ქვეყნების დაზვერვის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აიძულა შვედეთი და ფინეთი, გადაეხედათ თავიანთი სამხედრო ნეიტრალიტეტისთვის და სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს გააკეთებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალურ განაცხადს.

"შვედმა და ფინელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, უნდა იყვნენ უფრო ფხიზლად, ვიდრე ადრე რუსეთის მცდელობის გამო, მოახდინოს გავლენა პოლიტიკასა და საზოგადოების აღქმებზე“, – განაცხადა ფინეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თავის შვედ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, „რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს სადაზვერვო ოპერაციები, შეზღუდულია, ვინაიდან დაბალ ნიშნულზეა ფინელების მზაობა, ითანამშრომლონ რუს დიპლომატებთან“.

შვედეთის დაზვერვის უფროსის შარლოტა ფონ ესენის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური უკვე რამდენიმე წელია, ემზადება რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისთვის, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისკენ.

„რუსეთმა შეიძლება, იფიქროს, რომ ახლა შეზღუდული ვადა აქვს, რომ გავლენა მოახდინოს შვედეთის გადაწყვეტილებაზე ნატოში გაწევრიანების შესახებ“, - თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთის მცდელობამ შეიძლება, მრავალი ფორმა მიიღოს და მოხდეს ერთდროულად.

სკანდინავიური ქვეყნების დაზვერვის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ უსაფრთხოების საკითხებში.

რუსეთმა, რომელთანაც ფინეთს 1300 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, განაცხადა, რომ განათავსებს ბირთვულ იარაღს და ჰიპერბგერით რაკეტებს კალინინგრადში, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S