რამშტაინის ბაზაზე გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, პუტინი "ელვისებური დარტყმით" იმუქრება
27/04/2022 14:04:09 მსოფლიო
კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ ვინმეს სურს, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში და შექმნას სტრატეგიული ხასიათის საფრთხე, მაშინ "დარტყმა იქნება ელვისებური".
მისი თქმით, მსგავსი დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება "უკვე მიღებულია".
„თუ ვინმე აპირებს, ჩაერიოს უკრაინაში გარედან, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთს, ჩვენი პასუხი იქნება ელვისებური და სწრაფი.
[...] რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში ელვისებური დარტყმის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია“, - ციტირებს პუტინს რუსული „კომერსანტი“.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა საკანონმდებლო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მანამდე რუსეთი აშშ–ს დაემუქრა უკრაინისთვის იარაღის ინტენსიურად მიწოდების გამო.
26 აპრილს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ გერმანიაში, ამერიკულ ბაზაზე უკრაინის თემაზე სამსჯელოდ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი შექმნა.
აშშ-ის და კიდევ 15 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს, თანამშრომლობს დონორების საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრთან, რომლის ხელმძღვანელიც ბრიტანელი გენერალია.
უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.
„ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის „სრული დემილიტარიზაცია“.
მსოფლიოს 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გუშინდელი საეტაპო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისთვის ძალიან ცუდი ამბავია: მოცულობა, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი - უკრაინა ძლიერდება“,– წერს ამასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.


