
უკრაინის კონტრდაზვერვამ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით თავდაცვის უწყების თანამშრომელი დააკავა
27/04/2022 13:49:16 ევროპა
უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვამ გამოავლინა ჟიტომირის რეგიონის თავდაცვის დაწესებულების თანამდებობის პირი, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავების და საჰაერო ძალების ინფრასტრუქტურის შესახებ.
როგორც უწყება აღნიშნავს, დაკავებულს უპირველესად აინტერესებდა საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო თვითმფრინავების განლაგების, შეკეთება–აღდგენის და სამხედრო ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ.
„ის ინფორმაციას მესინჯერის გამოყენებით გადასცემდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.
მოღალატის მიერ შეგროვებული ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას თავდაცვის სფეროში და ეხებოდა უკრაინულ საბრძოლო თვითმფრინავებს, სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგებს, ტექნიკის დაზიანების მასშტაბებს და სარემონტოდ განხორციელებულ სამუშაოებს“,– იუწყება კონტრდაზვერვა.
დაკავებულს ადგილობრივმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მას 15წლიანი ან უვადო პატიმრობა ემუქრება ქონების კონფისკაციით.